„ვეფხისტყაოსანი" - გრაფიკული რომანი - The Knight in the Panther’s Skin, a graphic novel from David Machavariani

01 იანვარი -
15
იან
საერთაშორისო გამოფენა
განთავსდა: 15 იანვარი

„ვეფხისტყაოსანი" - გრაფიკული რომანი - The Knight in the Panther’s Skin, a graphic novel from David Machavariani

„ვეფხისტყაოსანი

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი წარმოგიდგენთ დავით მაჭავარიანის და „სულაკაურის გამომცემლობის“ ერთობლივ საეტაპო პროექტს - „ვეფხისტყაოსანი“.

10 ივლისს მუზეუმის დროებითი გამოფენების დარბაზში გაიხსნება არტისტის სოლო გამოფენა და გაიმართება გრაფიკული რომანის პრეზენტაცია, რომელსაც დავით მაჭავარიანი 3 წლის განმავლობაში ქმნიდა. თქვენ საშუალება გექნებათ შეიძინოთ წიგნის პირველი, ლიმიტირებული გამოცემა.

გრაფიკული რომანის 222 გვერდიანი ესკიზების გარდა, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება დავით მაჭავარიანის ყველა ის ნამუშევარი, რომელსაც ის 10 წლის განმავლობაში „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკაზე ქმნიდა. მათ შორის კლასიკური გამოცემის ილუსტრაციები. 2014 წელს „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით დავით მაჭავარიანმა შექმნა სამკაულების კოლექცია „ზარაფხანასთვის“, რომელიც ასევე გამოფენილი იქნება ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის სივრცეში.
გრაფიკული რომანით „ვეფხისტყაოსანი“ „სულაკაურის გამომცემლობა“ საკუთარ 20 წლის იუბილეს აღნიშნავს, დავით მაჭავარიანი კი „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკაზე 10 წლიანი მუშაობის პროცესს ასრულებს.

გრაფიკული რომანი „ვეფხისტყაოსანი“ ის წიგნია, რომელიც მსოფლიო ლიტერატურული რენესანსის შედევრს ახალ სიცოცხლეს შესძენს და რუსთაველის პოემას მე-12 საუკუნიდან 21-საუკუნის თანამედროვე სამყაროში გააცოცხლებს.

ხელოვანმა პოემის თითოეული ეპიზოდისა და ლეგენდარული პერსონაჟების უნიკალური, სრულიად ახალი და განსხვავებული სახეები შექმნა. გრაფიკული რომანისთვის ტექსტის ადაპტაციაზე პრემია „საბას“ ლაურეატმა მწერალმა, სალომე ბენიძემ იმუშავა.

დავით მაჭავარიანი დაიბადა 1976 წლის 21 დეკემბერს, ქალაქ თბილისში. ბავშვობიდან სწავლობდა სხვადასხვა სამხატვრო სტუდიაში. 1993 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში - კერამიკის ფაკულტეტზე. გარკვეული პერიოდის შემდეგ გადავიდა მულტიპლიკაციის ფაკულტეტზე და სწავლა იქ განაგრძო.

აკადემიის დასრულებისთანავე გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ითანამშრომლა Cinetic Theatre-თან. პარალელურად, ფილადელფიაში გაიცნო DC Comics-ის რედაქტორი - დენ რასპლერი, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მხატვრის შემდგომი შემოქმედებითი გზის ჩამოყალიბებაზე.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ, დავით მაჭავარიანი მუშაობდა სხვადასხვა ჟანრში: ილუსტრაციები, კომიქსები, სპექტაკლები, კინო, ვიდეო თამაშები და სხვა.

დავით მაჭავარიანის გამოფენები :
2014 სერვანტესის სახლ-მუზეუმის პერმანენტული გამოფენის მონაწილე
2013 „არტისტერიუმი“, ჯგუფური გამოფენა

2013 ჯგუფური გამოფენა ავსტრიაში
2011 „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციების პერსონალური გამოფენა
2011 „არტისტერიუმი“, ჯგუფური გამოფენა
2009 გალერეა "არსი", ჯგუფური გამოფენა
2004 პერსონალური გამოფენა, თბილისი
2003 დამოუკიდებელი გამოფენა - ამერიკის შეერთებული შტატები
2003 ჯგუფური გამოფენა - ამერიკის შეერთებული შტატები.

სიახლეების გამოწერა
თქვენ წარმატებით გამოწერეთ ჩვენი სიახლეები