სხვა ფარჯიანი

01 იანვარი -
საერთაშორისო ივენთი
განთავსდა: 21 მაი

სხვა ფარჯიანი

ირაკლი ფარჯიანი 70

ცნობილ ქართველ მხატვარს - ირაკლი ფარჯიანს 2020 წლის 22 მაისს 70 წელი შეუსრულდებოდა. ამ მრგვალ თარიღთან დაკავშირებით, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის გუნდი გეგმავდა არტისტის მასშტაბურ გამოფენას, სოფო ფარჯიანის კურატორობით. პანდემიის გამო, ირაკლი ფარჯიანის ახალი ექსპოზიციის მოწყობა მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში რამდენიმე თვით გადაიდო.

 

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში ირაკლი ფარჯიანის კოლექციას განსაკუთრებული ადგილი აქვს. მხატვარს ეთმობა მთელი დარბაზი, რომელშიც წარმოდგენილია მისი სხვადასხვა პერიოდის 44 ფერწერული თუ გრაფიკული ნამუშევარი. გარდა ამისა, მუზეუმის ფონდში დაცულია ფარჯიანის 27 ტილო. მუზეუმის კოლექცია უნიკალურია და ის არის ქართველი მხატვრის ყველაზე მდიდარი ექსპოზიცია მსოფლიო სამუზეუმო სივრცეში.

 

ვებგვერდი IRAKLIPARJIANI.COM

 

ირაკლი ფარჯიანის დროებითი გამოფენის გახსნა გადაიდო, თუმცა არტისტის იუბილესთან დაკავშირებით, წლის განმავლობაში დაგეგმილია რამდენიმე ვირტუალური გამოფენა. 22 მაისს პირველად ჩაეშვება მხატვრის ვებგვერდი IRAKLIPARJIANI.COM, რომელიც მისმა ქალიშვილმა - სოფო ფარჯიანმა შექმნა. საიტზე ამ დღიდან შესაძლებელი იქნება ფარჯიანის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძიება და ონლაინ გამოფენების ნახვა. გარდა ამისა, იუბილესთან დაკავშირებით დაიწერა მნიშვნელოვანი კვლევები და სტატიები არტისტის შემოქმედებაზე. მათ შორისაა, ხელოვნებათმცოდნის და კურატორის - კონსტანტინე ბოლქვაძის ტექსტი და ვირტუალური გამოფენა “სხვა ირაკლი,” მისივე კურატორობით.  

 

 

 

 

 

ირაკლი ფარჯიანის სახელობის ფონდი

 

წელს ასევე დაარსდა მე-20 საუკუნის გამორჩეული ქართველი მხატვრის - ირაკლი ფარჯიანის სახელობის ფონდი, რომლის მიზანია ხელოვანის პირადი არაქონებრივი და ქონებრივი საავტორო უფლებების მართვა.

უკანასკნელ წლებში ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრების გაყალბების და ამ ასლების გაყიდვის მრავალი შემთხვევა იყო, რის წინააღმდეგაც ფონდი აქტიურად იბრძოლებს.

ფონდის მისიაა, ასევე, ირაკლი ფარჯიანის შემოქმედების პოპულარიზაცია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. გარდა ამისა, ფონდი მიზნად ისახავს ახალგაზრდა მხატვრების ხელშეწყობას. ფონდის დირექტორია - იურისტი მიხეილ ჯიქია.


 

სიახლეების გამოწერა
თქვენ წარმატებით გამოწერეთ ჩვენი სიახლეები